02/11/2022
13:00
პოლიტიკა
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პრეზიდენტს "მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.
"ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან ნიკას თავისუფლება პირდაპირ წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ასევე, პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკას დამოკიდებულება ვიცი ამ საკითხისადმი, გავაგრძელებ ჩემს მოწოდებას და მინდა, პრეზიდენტს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რასაც ჩვენ მოვიფიქრებთ (ეს არის პარტნიორებთან განსახილველი საკითხი), აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, თორემ ნიკა გვარამია თავისუფალია. მან აჩვენა ყველაზე უფრო გამორჩეული მხნეობის მაგალითი. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იგი [პრეზიდენტი] მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, ახლა დროა, მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.
0
0