გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან, მილიარდელ ილონ მასკის ინტერვიუ ტექნიკური საკითხების გამო შეფერხდა, რასაც მასკი კიბერშეტევად აფასებს. ხანგრძლივი საუბარი, რომელიც, მასკის თქმით, „მიუკერძოებელ ამომრჩევლებზე“ იყო ფოკუსირებული, X-ის დატვირთვის გამო, 40 წუთზე მეტი დაგვიანებით დაიწყო.
„„უარი მომსახურებაზე“ ტიპის განაწილებულმა შეტევებმა ჩვენი მონაცემთა ბაზის ყველა ხაზი მოიცვა. ვებსაიტის ხელოვნურად გადატვირთვას ცდილობენ, რათა მისი გამოყენება რთული ან მიუწვდომელი გახდეს. ნეიტრალურ ამომრჩევლებს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირონ რესპუბლიკელების კამპანიას, რადგან მათ საინტერესო, შთამაგონებელი მომავალი ელით. მათ ვურჩევ, რომ ოპტიმისტურად განწყობილნი დარჩნენ“, - თქვა მასკმა.
უცნობია, თუ რამ გამოიწვია ტექნიკური პრობლემები X-ზე საუბრისას ან ვინ შეიძლება იდგეს სავარაუდო თავდასხმის უკან.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს განაწილებული შეტევები გავლენას მოახდენს ვებსაიტის მხოლოდ ერთ სერვისზე ან მახასიათებელზე. არ არის გამორიცხული, რომ დროებით გათიშულიყო სერვისი მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის, რომლებიც ინტერვიუს მოსმენას ცდილობდნენ“, - განუცხადა BBC-ს სინგაპურის სტრატეგიული კიბერსივრცისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა ენტონი ლიმმა.
IT კომპანია Damovo-ს წარმომადგენლის ენდრიუ ჰეის განმარტებით, ტექნიკური პრობლემები შესაძლოა კიბერშეტევით ყოფილიყო გამოწვეული:
„ჩემი აზრით, „უარი მომსახურებაზე“ ტიპის განაწილებული შეტევები გამიზნული იყო X-ის სერვისის სამაუწყებლო ნაწილზე ისე, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია ვებსაიტის მთავარ ფუნქციონირებაზე. მასშტაბური შეტევის განხორციელება შედარებით მარტივია“, - დასძინა ჰეისმა.
ილონ მასკმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ პირდაპირ ჩართვამდე სისტემა „8 მილიონ ერთდროულ მსმენელთან“ შემოწმდა. საუბრის დროს X Spaces-მა აჩვენა, რომ ტრანსლაციას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უსმენდა.
„მოხარული ვარ, რომ კამალასაც ვუმასპინძლებ X-ის სივრცეებში,“ - თქვა მასკმა.
ინტერვიუს დროს ტრამპმა განაცხადა, რომ „სასიამოვნოა ასეთი ფორუმის არსებობა“ X-ზე, სადაც მას ვრცლად საუბარი შეუძლია.
როგორც ცნობილია, ილონ მასკი, ახლახან, ახალ პოლიტიკურ კომიტეტში გაწევრიანდა, რომელიც მხარს უჭერს ტრამპის კამპანიას.
0
0