05/07/2022
17:32
პოლიტიკა
„წყალტუბოს აღსადგენად, 500 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით, ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს, რათა წყალტუბო თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი გახდეს, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში - ბადენ-ბადენში, კარლოვი-ვარსა თუ სხვაგან. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიო დონის სპა კურორტი გახდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ხედვაა, წყალტუბოს აღდგენა დაიწყოს.
„ეს ჩვენი მმართველი პარტიის, ჩვენი დაპირებაც იყო. წყლისა და გენერალური გეგმის პრობლემებიც მოგვარებულია, ყველაფერი დასრულებულია და ჩვენ უკვე გასაყიდად გამოგვაქვს 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 50 მილიონი ლარია. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოზე, რომელიც მთავრობამ წყალტუბოსთან დაკავშირებით გასწია.
„უნიკალური წყლის რესურსების ფლობის საკითხი მოუგვარებელი იყო. კერძოდ, ამ წყლის რესურსების ინვესტორი და მფლობელი კერძო პირი იყო. მთავრობამ ის გამოისყიდა და სახელმწიფო ამ წყლის ოფიციალური მფლობელი გახდა. სწორედ ამას ელოდებოდა ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, რომლებიც დაინტერესებულები არიან წყალტუბოს განვითარებით. მეორე მთავარი საკითხი გენერალური გეგმის დამტკიცება იყო. გეგმა დასრულებულია. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0