
უკიდურესი დაცემაა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს, კარგავს ღვთის შიშს, როცა ადამიანი მისი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აჭარაში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს ღვითისმშობლობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა.
„გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს, ჩვენ საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის რა თქმა უნდა, შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვადიდებთ მას, ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ ამისთვის, რომ ინება მისი წილხვდომილი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ, ჩვენს ქვეყანას. ამის მრავალი მაგალითია ჩვენს ისტორიაში და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს. დღეს ხარობს ცა და მიწა, ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში შობამან შენმა ღვისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა. მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. ეს არის სიხარული იმისა, რომ უფალმა მოავლინა ამ ქვეყნად დედა ღვთისმშობელი, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა, სოფლის მხსნელისა. ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულისკენ მოწოდება, ასეთი სიხარულის უწყება, საეკლესიო დღესასწაულებზე, საეკლესიო ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი. რა გვიხარია ჩვენ, რა გვწყინს. ვხარობთ თუ არა ჩვენ ამ სულიერი სიხარულით, რადგან ჩვენი სიხარულის მიზეზი ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ ჩვენ ხშირად. თუ ღვთისმშობლის შობა, დედა ღვთისმშობლის მოვლინებისა არის მიზეზი ჩვენი სიხარულის, მაშინ ეს არის ის, რისკენაც მოგვიწოდებს უფალი. მაგრამ ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე არასწორი სიხარული, უფრო მიწიერი მოვლენების გამო. ეს რას ნიშნავს? ეს მეტყველებს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე. როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომ ვერ ვგრძნობთ ამ სიხარულს, ნამდვილ სულიერ სიხარულს“, – განაცხადა შიო მესამემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ადამიანს უნდა უხაროდეს და სწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებას.
„თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საკმარისია გულში გავივლოთ უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო, ან გამოვავლინოთ ეს, ან გულცივობა, გულგრილობა გამოვავლინოთ, იკარგება ჩვენში ეს სიხარული, ნელდება უცებ, თითქოს მადლი გვშორდება. ალბათ, მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, გულგრილად გულცივად, რომ ძალიან შორს არის ეს ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ხშირად გვსმენია როცა ადამიანები ამბობენ, არ მახსოვს ჩემი ცოდვებიო, ან ისეთს არაფერს ვცოდავ დიდსო. ვერ გრძნობენ თავის ცოდვებს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს უგრძნობელობა ძალიან მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მაგალითად, ღირსი ეფრემ ასური წერს ამას რომ ერიდეთ ამ გაქვავებულ უგრძნობელობას, რადგან ეს არის უკიდურესი დაცემა. როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს ტკივილს თავისი ცოდვებისა და კარგავს ღვთის შიშს. ადამიანი მაგალითად, როცა ფიზიკურად სტკივა რამე როგორ ვართ ხოლმე? ყოველთვის გვახსოვს ეს ტკივილი და ვცდილობთ, მალე განვიკურნოთ, როცა ადამიანი სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს მისი ცოდვებისგან გამოწვეულს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა ესეთი უგრძნობელობა ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული მაშინ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს და ვერ ვგრძნობთ ამ სულიერ სიხარულს მაშინ უნდა გონს მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და უფალს უნდა ვევედროთ, დედა ღვთისმშობელს უნდა ვევედროთ, რომ გვიხსანს ამ გაქვავებული უგრძნობელობისგან და გვასწავლოს გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებას“, განაცხადა შიო მესამემ.
შიო მესამემ აჭარაში ქადაგებისას განაცხადა, რომ აჭარლებმა მრავალი განსაცდელი გამოიარეს, მტერი მუდამ ცდილობდა, საქართველოსთვის აჭარა ჩამოეშორებინა, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, თუმცა აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის ფასად, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც.
„დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული ძვირფასო მეუფენო, ძვირფასო დიმიტრი, აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება. მის უწმინდესობა და უნეტარესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს უთქვამს ,რომ აჭარა არის განმანათლებელი საქართველოსი. კარიბჭე ჩვენი ცხოვრების, რადგან პირველად აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, აქ გაისმა პირველად საქართველოში სახარების სიტყვები. აქ იქადაგეს მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა სიმონ კანანელმა მატათამ, რომლის საფლავიც გადმოცემით აქ ახლოს არის, აქ მდებარეობს გონიოს ციხის ტრრიტორიაზე და ამიტომ აჭარა არის ჩვენთვის განსაკუთრებით წმინდა მხარე მთელი საქართველოსთვის. მრავალი ტკივილი, განსაცდელი და წამება გამოიარეს აჭარელებმა, მტერი მუდამ ცდილობდა, რომ ჩამოეშორებინა აჭარა საქართველოსთვის, მოეწყვიტა ქრისტიანობისგან, მაგრამ აჭარელმა ხალხმა თავისი სისხლის ფასად, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ქართული სულიც და სარწმუნოებაც. ჩვენ ვხედავთ, როგორი შემობრუნებაა უფლისკენ, ქრისტესკენ და ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ აჭარელ ხალხში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში იყო ღვდელმთავარი, ამ ეპარქიის, აჭარის. მაშინ შემოქმედის ეპარქია ეწოდებოდა, ბათუმ შემოქმედის. მან შემოიარა ფეხით თითქმის მთელი აჭარა ხვდებოდა ხალხს, უქადაგებდა სარწმუნოებას და შედეგად დაიწყო ასობით და ათასობით ადამიანის შემობრუნება და მონათვლა და უბრუნდებოდნენ თავიანთი წინაპრების სარწმუნოებას მართლმადიდებლობას, აჭარელები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა დიდი აღმშენებლობაა მას შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის აქ მოღვაწეობის შემდეგ როგორ გრძელდება ეს აღმშენებლობა. რამდენი ტაძრები აშენდა, რამდენი მონასტერი რამდენი ადამიანი მოინათლა კიდევ და კიდევ, როგორი საგანმანათლებლო და სოციალური მუშაობა მიმდინარეობს და ამ ყველაფერს სათავეში უდგას მისი მაღალ ყოვლად უსაღვმდელოესობა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი“, – განაცხადა შიო მესამემ.
პატრიარქმა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენ ძვირფასო მეუფე უკვე 30 წელია, აქ მოღვაწეობთ. ასეთი დიდი რუდუნებით დიდი ენერგიით და აგრძელებთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის საქმეს აჭარაში და მე მინდა ჩვენი სინოდის სახელით და პირადად ჩემი სახელით, სინოდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ერთგული და ღვაწლისთვის და მოშურნეობისთვის. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო თქვენი საქველმოქმედო საქმიანობა თქვენი საგანმანათლებლო საქმიანობა იმ მოწყალების სავანეებში სასწავლებლებში ჩვენი ახალგაზრდობა ღებულობს ძალიან ღირსეულ განათლებას და ზრუნვა მოკლებული ბავშვები თუ მოხუცები ღებულობენ ნუგეშს დახმარებას და ეს არის თქვენი დიდი გულის, ენერგიის და მზრუნველობის შედეგი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის დიდი სიყვარულით. დიდი მადლობა ყველას. თქვენ იცით რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ აჭარაში. აჭარის გულში საქართველოს განმანათლებელ აჭარაში, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობა ჩვენთან აქ მსახურწბისთვის და წირვა ლოცვის ჩასატარებლად. მინდა, ძვირფასო მეუფე ნიშნად ჩემი სიყვარულისა ჩვენი დიდი ძმური ურთიერთობისა და პატივისცემისა გისახსოვროთ ყოვლად წმინდა ღბთისმშობლის ანაღია, ყოფილიყოს თქვენი მფარველი და მეოხი დედა ღვთისმშობელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ღვთისმშობლის შობის ღვთისმშობლის მეოხებით მისი ლოცვით უფალმა დალოცოს აჭარა, უფალმა დალოცოს ბათუმის და ლაზეთის ეპარქია უფალმა დალოცოს მეუფე დიმიტრი ამ ეპარქიის საღვმდელოება, სამონაზვნო დასი, მრევლი, ყოველი თქვენგანი და დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო ამინ“, – განაცხადა შიო მესამე.
0
0