18/04/2022
13:45
პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვაქცინაციის მეოთხე დოზასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებას იმუნიზაციის საბჭოსგან ჯერ რეკომენდაცია არ მიუღია.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში განიხილავს სხადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ შტამის, ვირუსის მიმდინარეობას და თუ საჭირო იქნება, ამ საკითხზეც იმსჯელებს.
„ბოლო ერთ თვეზე მეტია, ვაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად დასტაბილურებულია. რამდენიმე კვირაა, მინიმუმამდეა დაყვანილი ინფიცირებულთა რაოდენობა, ასევე მკვეთრად შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში განიხილავს სხადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ შტამის, ვირუსის მიმდინარეობას. საბჭოდან თუ იქნება ამისი რეკომენდაცია, შემდეგ უკვე სამინისტროს დონეზე გავივლით და შევჯერდებით. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია ჩვენთან არ არის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა ვაქცინაციის კამპანიის შემდეგი ეტაპის შესახებაც.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, მომდევნო თვიდან დაიწყება ვაქცინაციის კამპანია, რომლის მიზანია წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის 70 პროცენტის მოცვა.
„ვამზადებთ საკომუნიკაციო კამპანიას. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე აცრებით 70 პროცენტამდე მოცვაა გათვალისწინებული. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.
0
0