
დიდ დიღომში გარდაცვლილი, ანი იანუშაიტიტეს დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში არსებული მთავარი ნივთმტკიცებები დაზიანებულია.
„ვიპოვეთ გულაღმა მდგომარეობაში, შემალული. ბავშვს 39 დაზიანება აქვს. ამ 39 დაზიანებას ბავშვი ვერ მიიღებდა, ბავშვი არის დაზიანებული ვიღაც პირის დახმარებით. მას აქვს ისეთი დაზიანებები, რომელსაც შენით ვერ მიიყენებ. აქვს ისეთ ადგილებზე დაზიანებები, რომელსაც ადამიანები თავისით ვერ მიიყენებენ. მაგალითად: წვივი აქვს ჩაშავებული. წვივში აქვს წიხლი ჩარტყმული, შემდგომ იგი დაცემულია მუხლებზე. მუხლები აქვს დალურჯებული. კეფა აქვს დალურჯებული, იმიტომ რომ პირზე უჭერდა ხელს და აქვს უამრავი ასეთი ტრავმა მიღებული. როდესაც ბავშვი ვიპოვეთ, ის აღარ იყო ცოცხალი. ამის შემდგომ ბავშვი გადაიყვანეს სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ჩატარდა ექსპერტიზა. იმედი გვქონდა რომ ექსპერტიზა გამოავლენდა ვინ იყო მკვლელი, მაგრამ მოხდა ისე, რომ დნმ-ანაწმენდები თურმე დაობებულია. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ისეთი სისტემისთვის, როგორიც არის სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელსაც ევალება დნმ-ანაწმენდები არათუ დააობოს, არამედ გამოიკვლიოს, შეინახოს ისეთ პირობებში, რომ ვარგისი იყოს შემდგომი კვლევებისთვისაც“,- განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს, ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის განმარტებით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალების სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
უწყების ოფიციალურ ინფორმაციამდე, ანი იანუშაიტიტეს დედამ ნატო ხუტაშვილმა მტკიცებულებების დაზიანების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა და აღნიშნულში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადანაშაულა.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0