16/02/2024
11:07
მსოფლიო
თეთრმა სახლმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი გააკრიტიკა იმის გამო, რომ არდადეგები გამოაცხადა უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე.
კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60-მილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს, 13 თებერვალს სენატმა დაამტკიცა. პრეზიდენტის ხელმოწერამდე დოკუმენტს სჭირდება წარმომადგენელთა პალატის თანხმობა. კენჭისყრა 16 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, სპიკერმა ჯონსონმა პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებული არდადეგები გამოაცხადა. აშშ-ში ყოველი თებერვლის მესამე ორშაბათს პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ პირველი პრეზიდენტის, 22 თებერვალს დაბადებული ჯორჯ ვაშინგტონის პატივსაცემად. ამერიკელები პატივს მიაგებენ პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნსაც, რომლის დაბადების დღე 12 თებერვალია. წელს პრეზიდენტის დღე 19 თებერვალს ემთხვევა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ენდრიუ ბეიტსმა განაცხადა, რომ აღშფოთებული არიან სპიკერ ჯონსონის მიერ შესვენების ნაადრევად გამოცხადებით ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მოტანა. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარებას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხადაც განიხილავს.
მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ში ერთი წინადადებით გამოეხმაურა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი განცხადებით, არასდროს იქნება დავიწყებული კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაზე უარი.
0
0