30/05/2023
13:18
მსოფლიო
„უჰანის ლაბორატორიიდან Covid-19-ის გაჟონვის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს,“ - განუცხადა BBC-ს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯორჯ გაომ. ჩინეთის მთავრობა კი უარყოფს ნებისმიერ ვარაუდს, რომ დაავადების ვირუსი შეიძლება უჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა.
„საერთოდ, როცა საქმე ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოებს ეხება, ყოველთვის შეგიძლიათ რაიმეში ეჭვი შეგეპაროთ. ეს მეცნიერებაა, მეცნიერული კვლევები წარმოებს და გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება უშუალოდ „კოვიდ-19“-ის წარმოშობის მიზეზებს, მთავრობის დადგენილებით, უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში (WIV) ოფიციალური გამოძიება ჩატარდა. ეს ლაბორატორია ორჯერ შემოწმდა დარგის ექსპერტების მიერ. ვფიქრობ, მათი დასკვნა არის ის, რომ ისინი ყველა პროტოკოლს იცავენ. მათ ვერ აღმოაჩინეს [ვერანაირი] დარღვევა," - განაცხადა ჯორჯ გაომ BBC Radio 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესახებ პროფესორ გაოს [რისკის შემცველი] კომენტარები სერიოზულად ეწინააღმდეგება ჩინეთის საჯაროდ განცხადებულ პოზიციას.
„ე.წ. "ლაბორატორიული გაჟონვა" არის ტყუილი, რომელიც შექმნილია ანტიჩინური ძალების მიერ. ის არის პოლიტიკურად მოტივირებული და მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია", - ნათქვამია დიდ ბრიტანეთში ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.
ჩინეთის მთავრობა [საკუთარ] უცნაურ, დაუსაბუთებელ მესამე თეორიას აფიქსირებს. მასში ნათქვამია, რომ ვირუსი არ გავრცელებულა ლაბორატორიიდან ან უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან, მაგრამ შესაძლოა გავრცელდა ქვეყანაში შეტანილი შეფუთული გაყინული საკვების მეშვეობით.
როგორც BBC-ი წერს, პროფესორ გაოს კომენტარები შეიძლება უბრალოდ ამ პოზიციის უფრო მეცნიერულ ვერსიად ჩაითვალოს, რადგან თავად არცერთს გამორიცხავს - ორივე მათგანი მტკიცებულების ნაკლებობის იდეას ეფუძნება. ”ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, საიდან გაჩნდა ვირუსი… კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია”, - აღნიშნა გაომ.
პროფესორმა ჯორჯ გაომ გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიაზე რეაგირებასა და მისი წარმოშობის ძიების მცდელობებში. მეცნიერები კამათობენ, ზოგჯერ მწვავედაც, არის თუ არა კითხვა მართლაც პასუხგაუცემელი. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, კონკრეტულ საკითხზე ფართო კონსენსუსი არსებობს: ჩინეთს არ გაუწევია საკმარისი ძალისხმევა მტკიცებულებების მოძიებისთვის, თუ საიდან გაჩნდა Covid-19.
0
0