უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა სხვა ქვეყნებთან ფარული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ წამოიწყო, თუმცა თავად ზელენსკი თვლის, რომ ეს "სრული ღალატი იქნებოდა [უკრაინის საგარეო პარტნიორების მხრიდან]".
„ის [პუტინი] შეშლილია, რადგან საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ის ან გიჟია, ან იცოდა, რომ ამის გამო არ დაისჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლებოდა რაიმე ტიპის დიალოგი შემდგარიყო სხვა ქვეყნებთან. არც კი მინდა ამ აზრის დაშვება, რადგან ეს აღარ გამოდის პარტნიორობა, ეს თამაშია ჩვენს ზურგს უკან და სრული ღალატი. ასე რომ, მოდით ვიფიქროთ, რომ მას არ ჰქონდა [წინასწარი] შეთანხმება დადებული სხვა მხარესთან და ის უბრალოდ გიჟი ადამიანია, რომელმაც ჩათვალა, რომ არავინ დაიცავდა უკრაინას და თვითონ ჩვენს დატყვევებასა და განადგურებას შეძლებდა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მერყევი პოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა:
„რუსეთთან კარს ყველა ოდნავ ღია ტოვებს“, თუმცა არც ისე ღიად, როგორც 2014 წლის შემდეგ.
"ბევრმა ლიდერმა დატოვა ეს კარი ოდნავ ღია და გაიფიქრა: "რა იქნება ხვალ? ჩვენ როგორმე უნდა მოვძებნოთ ხვალინდელი დღის გამოსავალი. რა მოხდება, თუ უკრაინა ომს წააგებს? ჩვენ მთლიანად არ უნდა მივუკეტოთ კარი რუსეთს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში.
ზელენსკი თვლის, რომ თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდა, ის ამას ომის საწყის ეტაპზე გააკეთებდა.
"[პუტინს] არ გამოუყენებია ბირთვული იარაღი, რადგან ის შეიძლება გიჟია, მაგრამ ძალიან უყვარს სიცოცხლე. პუტინს ესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რუსეთისთვის კარი მთლიანად დაიკეტება. ასე, რომ ის ახორციელებს თავის განზრახვებს სანქციების ფონზე. [და ახლა, დასავლელი] ლიდერები იწყებენ ფიქრს, [როგორ აიცილონ თავიდან რუსეთთან ომის ესკალაციის შესაძლო რისკები]. მაგრამ რა შეიძლება იყოს უფრო დიდი ესკალაცია, ვიდრე უკრაინაში ხოცვა-ჟლეტაა?“ - დასძინა ზელენსკიმ.
0
0