
უკრაინამ შეიძლება ან ღირსება დაკარგოს, ან მთავარი პარტნიორი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია და უკრაინაზე ერთ-ერთი მძიმე ზეწოლა ხდება.
„ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი – ყველაზე რთული დღემდე და შემდგომი რისკები – ცხოვრება თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე და, რომ ჩვენ ვენდოთ ადამიანს, რომელმაც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ უკრაინისგან პასუხს ელოდებიან.
„თუმცა, სინამდვილეში, მე ეს უკვე გავაკეთე. 2019 წლის 20 მაისს, როდესაც უკრაინისადმი ერთგულების ფიცი დავდე. კერძოდ, ვთქვი, რომ მე, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხალხის ნებით არჩეული უკრაინის პრეზიდენტი, ვფიცავ, რომ ყველა ჩემს ქმედებაში დავიცავ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, დავიცავ მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დავიცავ უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს, შევასრულებ ჩემს მოვალეობებს ყველა თანამემამულის ინტერესებიდან გამომდინარე და ავამაღლებ უკრაინის პრესტიჟს მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.
„ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან. ჩვენ კონსტრუქციულად ვეძებთ გადაწყვეტილებებს ჩვენს მთავარ პარტნიორთან. მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ და პირობა დადო, რომ უკრაინა სწრაფად იმუშავებს.
0
0