
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის პირობებში არჩევნების ჩატარება „ცუნამია, რომელიც ქვეყანას გახლეჩს“.
მისივე თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დროს არჩევნების ჩატარება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა, საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიოს.
„მიმაჩნია, რომ ასეთი ომის პირობებში არჩევნების ჩატარება დიდი რისკის შემცველია. არჩევნები ახლა – ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ ჩემი სტრატეგიაა, ქვეყანა ომის დასრულებამდე მივიყვანოთ და შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. და მე ამას ვასრულებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, დაახლოებით ერთი წლის წინ უკრაინას სხვადასხვა მხრიდან უბიძგებდნენ, ომის პირობებში არჩევნები ჩაეტარებინა.
„ჩემი პოზიცია მკაფიო იყო – პარტნიორები თუ შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში უკრაინაში შესაძლებელი იქნება არჩევნების უსაფრთხოდ, ლეგიტიმურად და დემოკრატიულად ჩატარება, სამხედროების მონაწილეობით, ფრონტისპირა ტერიტორიებსა და საზღვარგარეთ, სადაც ომისგან თავის დასაღწევად ჩვენი მილიონობით მოქალაქე წავიდა, უსაფრთხოდ – ანუ დაბომბვებისა და დარტყმების გარეშე, მაშინ, მოდით, ეს საკითხი განვიხილოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არცერთ დასავლელ პარტნიორს არ შეუთავაზებია კონკრეტული პირობები, რომლებიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიას უზრუნველყოფდა.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ეს შეუძლებელია, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.
1ტვ
0
0