
ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, პუტინს არ უნდა, ამიტომ, გვჭირდება ზეწოლა მასზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შეხვედრისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რა დათმობებზე წავა უკრაინა, მათ შორის, იტყვის თუ არა უარს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პირველ რიგში საჭიროა, რომ მხარეებმა ისაუბრონ.
„პირველ რიგში, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ხედავთ ახლო აღმოსავლეთში რამდენად რთულია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება, ყველგან, ყოველ ომში. ეს ძალიან რთულია. ჩვენ გვინდა ეს, პუტინს არ უნდა, ამიტომ, გვჭირდება ზეწოლა მასზე. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატში – ორმხრივ, სამმხრივ, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მშვიდობა. მოკავშირეების გადასაწყვეტია, სად ვიქნებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უკრაინის ხალხისთვის, რომლებიც ყოველდღე თავდასხმების ქვეშ არიან, არის ნამდვილად უსაფრთხოების გარანტიები. ნატო საუკეთესოა, მაგრამ იარაღი ძალიან მნიშვნელოვანია. მოკავშირეები, რომ ჩვენს მხარეს არიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ისაუბრა ტრამპსა და ბაიდენს შორის განსხვავების შესახებაც.
„პრეზიდენტ ტრამპს აქვს დიდი შანსი, ახლა დაასრულოს ეს ომი. პრეზიდენტ ბაიდენი ახლა პრეზიდენტი არ არის, ამიტომ, მას არ აქვს შანსი, დაასრულოს ეს ომი. პრეზიდენტმა ტრამპმა ნამდვილად აჩვენა, რომ მას შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში და ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ის ამას გააკეთებს და ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მთავარი განსხვავება ასეთია: „ერთი ექსტრემალურად კომპეტენტურია, მეორე კი სრულიად არაკომპეტენტური“.
0
0