
დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ კონფლიქტის მხარეებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებზე 30 დღით უარი თქვან. ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს მაშინვე მისცა შესაბამისი ბრძანება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
კრემლის ცნობით, საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით, საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის ბოლო მოწოდებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნონ სიცოცხლე კურსკის ოლქში ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზადაა, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული მოსაზრებებით და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ღირსეულ მოპყრობის გარანტიას აძლევს რუსეთის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
„რუსეთის პრეზიდენტი ასევე კონსტრუქციულად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ იდეას, შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების შესახებ ცნობილი ინიციატივის განხორციელების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამგვარი შეთანხმების კონკრეტული დეტალების დამატებითი შემუშავებისთვის“, – აღიშნულია კრემლის ინფორმაციაში.
0
0