
ეს ანდაზა არ არის, არც იგავი, არამედ ძველებური წესია: იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
პუტინის განცხადებით, რუსებსა და უკრაინელებს ერთ ხალხად მიიჩნევს.
„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხი.
„სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთის ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის დაცვაზე.
„სახელმწიფო, სისხლიანი, არაკონსტიტუციური გადატრიალება უკრაინაში. ეს რა არის? ესეც ხომ ქმედებაა ძალის პოზიციიდან და აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა იმის შესახებ, რომ მან ამ გადატრიალებაზე მილიარდობით დოლარი დახარჯა; მორიდების გარეშე, საჯაროდ თქვეს. ჩვენი ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის იმ ნაწილის დაცვაზე, რომელიც თავს სისხლისმიერად, სულიერად რუსეთთან დაკავშირებულად თვლიდა“, – განაცხადა პუტინმა.
0
0