
რუსეთს, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ გლობალური სტაბილურობის განმტკიცებაში, თუ ისინი კონსტრუქციულად ითანამშრომლებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენი ხალხები, რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები შეძლებენ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, თუ ისინი კონსტრუქციულად და პარტნიორული გზით ითანამშრომლებენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ინტერესთა ბალანსის საფუძველზე“, – აღნიშნა რუსეთს პრეზიდენტმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საერთო პასუხისმგებლობა აკისრია.
„ჩვენს სამ სახელმწიფოს აერთიანებს არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების სტატუსი, არამედ, რაც მთავარია, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საერთო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს სათავეებთან იყვნენ და ეს ქვეყნები პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო სამართლის განმტკიცებაზე.
„ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავეებთან ვიყავით. ამიტომ, ჩვენს მხრებზეა საერთაშორისო სამართლის სისტემის შენარჩუნებისა და გაძლიერების ამოცანა, რომელიც წარმოიშვა ამ უნივერსალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებით, მათ შორის გაერო-ს წესდებითა და მასში ასახული პრინციპებით“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას.
„ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინაში კონფლიქტის. ჩვენ ეს გუშინ განვიხილეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან და დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ამას მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციეთ ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
0
0