უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მთავარსარდლის თქმით, მოწინააღმდეგე ამჟამად ყურადღებას ამახვილებს კურახოვოს, პოკროვსკის, კუპიანსკის და ხარკოვის მიმართულებებზე. გარდა ამისა, ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე შეტევას ვოვჩანსკის რაიონში.
„ვითარება კვლავ მძიმეა. საომარი მოქმედებების ინტენსივობა იზრდება. კერძოდ, ხარკოვის მიმართულებით, ოკუპანტი ცდილობს წინსვლას“, - აცხადებს სირსკი.
მისი თქმით, ოკუპანტი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის და არ არის წარმატებული.
„ვოვჩანსკში უკრაინის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის მოწინააღმდეგის შეკავება, მაქსიმალური დანაკარგების მიყენება და თანდათანობით წინსვლა“, - განაცხადა სირსკიმ.
მან, ასევე, დაამატა, რომ კუპიანსკის რეგიონში ვითარება კვლავ რთულია, ოკუპანტები ცდილობენ უკრაინული ჯარების თავდაცვა ერთდროულად ორი მიმართულებით გაარღვიონ.
სირსკის თქმით, უკრაინელი დამცველებისთვის აქ მთავარი ამოცანაა დამპყრობლის შეჩერება და თავდაცვაზე გადასვლის იძულება.
„ჩემი ამოცანაა მივაწოდო ამ მიმართულებას საკმაო რაოდენობის საბრძოლო მასალა და საბრძოლო რეზერვები, რაც საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ თავდაცვა. მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, გვაქვს შანსი, სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ. თავდაცვის ძალები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“, - დასძინა სირსკიმ.
0
0