
ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერები რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ორგანოს შენობასთან პოლიციას დაუპირისპირდნენ. ისინი უსაფრთხოების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. დაკავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
დემონსტრანტები დროშებით იყვნენ შეკრებილი და სკანდირებდნენ – „თავისუფლება“.
მანამდე რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ორგანომ ულტრამემარჯვენე კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური, ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიგო, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.
მოგვიანებით, კალინ კორჯესკუმ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი განმეორებით არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე. ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.
0
0