
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა ღიად ერევა ქვეყნის არჩევნებში. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა ორბანს ჰკითხა, რა აზრის არის ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან გაკეთებულ რიგ განცხადებებზე და პოლიტიკურ თავდასხმაზე ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.
„უკრაინელები და მათი პრეზიდენტი ჩაერივნენ უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში. გარკვეული პერიოდი ვფიქრობდი, გვეწყინოს ეს თუ არა. საბოლოო ჯამში, არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, ასე ღიად და უხეშად ჩაერიო სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს გასაგებია. რა თქმა უნდა, უნგრეთის არჩევნები, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრელი ხალხისთვის, თუმცა ამას გავლენა აქვს უნგრეთის ფარგლებს გარეთაც. უკრაინელებს კარგი საფუძველი აქვთ ფიქრისთვის, რომ მნიშვნელობა აქვს, რა სახის მთავრობა ეყოლება უნგრეთს. ეს არის უნგრელი ხალხის არჩევანი, რომლებმაც კენჭისყრაზე, ნათლად განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ჩვენს ომში ჩათრევასა და ეკონომიკის განადგურებას გამოიწვევს. ასევე, იცით, რომ ჩვენ ბრიუსელს ფულს არ ვაძლევთ იმისთვის, რომ შემდეგ უკრაინაში გააგზავნონ. მათ სურთ მთავრობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ფინანსური ტვირთის ტარებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკრაინას ფულს გაუგზავნის. ასეთია სიტუაცია. ასეთია ვითარება და უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება ეს არჩევნები. ამიტომ, გადაწყვიტეს ამ კამპანიაში მონაწილეობა“, – თქვა ორბანმა.
ამასთან, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმ აღნიშნა, იცის იმის შესახებ, რომ უკრაინა მის ოპონენტებს აფინანსებს.
„თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საარჩევნო კამპანია უნგრეთში საერთაშორისო ხასიათს ატარებს. მას საერთაშორისო განზომილება აქვს სხვა მიმართულებებითაც, მაგრამ განსაკუთრებით უკრაინული მიმართულებით. ამდენად, ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენაა, არა მხოლოდ უნგრელებისთვის, არამედ, როგორც უკრაინელები გვიჩვენებენ, ჩვენზე დიდი სხვა ერებისთვისაც“, – თქვა ორბანმა.
1
0