
უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ განაცხადა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს იქამდე, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთში ნავთობის მიწოდება არ აღდგება.
„ვიდრე უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ისინი უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებენ. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შევინარჩუნებთ ბენზინის დაცულ ფასებს და გაზის შემცირებულ ფასებს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ორბანის თქმით, უკრაინა „დრუჟბას“ მილსადენს განზრახ ბლოკავს.
უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „წარმატებით იცავს თავს უკრაინის შანტაჟისგან და მისი პოლიტიკის წყალობით, უნგრელები ბენზინგასამართ სადგურებზე ყველაზე დაბალ ფასებს იხდიან“.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინული მხარის განცხადებით, ნავთობსადენი რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა, უნგრეთი კი აცხადებს, რომ კიევმა ის გამიზნულად დააზიანა.
0
0