21/12/2024
22:15
მსოფლიო
უნგრეთმა ბულგარეთისგან მიიღო გარანტია, რომ რუსული გაზის ტრანზიტი „ბალკანური ნაკადის“ საშუალებით არ შეიზღუდება.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანი სოფიაში ბულგარეთის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბოიკო ბორისოვთან შეხვედრა გამართა.
„ჩვენი ამოცანაა, შევთანხმდეთ პრეზიდენტთან და მთავრობის მომავალ წევრებთან, რათა ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტი იყოს უსაფრთხო. ეს გარანტიები გუშინ მივიღე“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების საჭიროება უკავშირდებოდა სოფიაში მთავრობის ცვლილებას.
ცნობისთვის, ბულგარეთში ოქტომბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
მანამდე, 2023 წლის დეკემბერში, ბულგარეთმა, შენგენის სივრცეში შესვლის მზადების ფონზე საკუთარ ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის აღება გადადო. ტრანზიტის საფასურს უნგრეთისთვის რუსული გაზის შესაძლოა, გაძვირება გამოეწვია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კი ბულგარეთის შენგენში მიღებაზე ვეტო-ს დადებით იმუქრებოდა, თუ სოფია უარს არ იტყოდა „გაზპრომისგან“ ტრანზიტის საფასურის აღებაზე.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ბოლოს მოსკოვსა და კიევს შორის ტრანზიტული შეთანხმების ვადა იწურება. უკრაინა არაერთხელ აცხადებდა, რომ ომის გამო მისი გაგრძელება არ სურს, ორბანი კი ამ ტრანზიტის შენარჩუნების მომხრეა.
„ამჟამად ვცდილობთ ერთგვარ ეშმაკობას. რა მოხდება, თუ გაზი უკრაინის ტერიტორიის მიღწევამდე აღარ იქნება რუსული, არამედ უკვე მყიდველების კუთვნილება იქნება“, – განაცხადა ორბანმა.
ცნობისთვის, 11 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
კრემლმა დაადასტურა, რომ განხილული იყო „ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის რიგი აქტუალური საკითხები“ და „ჩატარდა ვრცელი აზრთა გაცვლა უკრაინის პრობლემატიკაზე“.
უნგრეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან ერთ-ერთია, რომლებიც ინარჩუნებენ ურთიერთობებს კრემლთან რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც. ვიქტორ ორბანი რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგ ბევრჯერ გამოვიდა.
0
0