28/02/2026
12:18

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ და სახალხო დამცველს საჯარო განმარტებისკენ მოუწოდა.
„ბატონო ლევან, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ პირებზე საუბრობთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ გთხოვთ, დაიცვათ ტელეკომპანიების უფლებებიც“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის დუმილი მაშინ, როდესაც სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.
„მაინტერესებს, სად არის სახალხო დამცველი ამ დროს? მისგან აბსოლუტური დუმილია. კარგია, როცა ციხეში სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაკავებული პირების მონახულება არ ავიწყდება - შემთხვევით მათი უფლებები ხომ არ ირღვევაო და ერთ-ერთის, მანჯგალაძის დასაცავად მზადყოფნაც კი გამოთქვა, მზად ვარ სასამართლოში ჩვენება მივცე, რომ მან არაფერი იცოდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის შესახებ და იქ შემთხვევით აღმოჩნდაო, მაგრამ პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას. გამობრძანდეს და აუხსნას მოსახლეობას, რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის საქციელი!“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
0
0