
“სოლიდარულები მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღესაც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბნება, რომ ხვალ ხალხმრავალი მიტინგი იქნება და არ დაიშლება, იტყუება, ვერ ვხედავ ამ განწყობას”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
აკაკი ბობოხიძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხმრავალ აქციებს დაიწყებს, პირველივე დღეებში არ შეურთდება, რადგან მიიჩნევს, რომ "თუ მეორე დღესვე დაშლას აპირებენ", მაშინ მის აქციაზე ყოფნას აზრი არ აქვს.
"სოლიდარულები მის მიმართ დღესაც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბნება, რომ ხვალ ხალხმრავალი მიტინგი იქნება და არ დაიშლება, იტყუება, ვერ ვხედავ ამ განწყობას. ამიტომ, როცა მეკითხებიან შევუერთდები თუ არა აქციას, ამას წინათ პასუხი გავეცი, რომ მეშვიდე დღეს შევუერთდები ხალხმრავალ აქციას. თუ შვიდი დღის გაძლებას არ აპირებ, თუ მეორე დღესვე იშლები, მაშინ გამაგებინეთ, რატომ ითხოვ ასე სასოწარკვეთით შემოერთებას, ერთდღიან მიტინგს ერთი კაცით მეტი ეყოლება თუ ნაკლები რა მნიშვნელობა აქვს. მიტინგის ზომას მნიშვნელობა აქვს, როცა ამბობ, რომ ახლა იწყებ ისეთ რაღაცას, რომელსაც გამარჯვებამდე მიიყვან და მანამდე არ გაჩერდები. თუ მეშვიდე დღეს იქ არ დამხვდი, მაშინ მართალი ვყოფილვარ, რომ ამ მოქმედებას აკეთებ, როგორც "მოქმედებას მოქმედებისთვის".
მე სოლიდარობას იმაში გამოვხატავ, რომ მიშას ვეუბნები იმ მწარე სიმართლეს, რა რეალობაშიც დღეს ვართ. მან უნდა გაუძლოს, თავის ჯანმრთელობას რამენაირად თვითონ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელზედაც დასავლეთი მოქმედებს, გადალახეს ეგ ზღვარი უკვე, იყო დრო, როდესაც დასავლეთის აზრს კიდევ ითვალისწინებდნენ, აღარ ითვალისწინებენ უკვე.
ის ადამიანები, ვინც მიშას დახსნას ითხოვს დღეს, რატომღაც პასუხისმგებლობას მე მაკისრებენ და არა იმ ადამიანებს, ვინც ასობით ათასი ადამიანის დახვედრას ჰპირდებოდა. იმათ მოსთხოვონ პასუხი. რატომ არ სთხოვენ იცით? ისინი დღესაც „მიშა, მიშას“ იძახიან და ამ „მიშა, მიშას“ ძახილში უფსკრულში მიაქანებენ მიშასაც და რაც უფრო ცუდია, ქვეყანას“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
0
0