17/03/2023
19:24
პოლიტიკა
“ვინაიდან არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა – ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო”, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
მორიგი მიმართვა მან დღეს სოციალური ქსელით გაავრცელა და მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირა:
„ცოტა მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული რიგგარეშე არჩევნების ან გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის გარეშე. საპარლამენტო უმრავლესობაში რუსების ყოფნის ყოველი დღე ძალიან საშიშია საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს სჭირდებათ მეტი რწმენა საკუთარ თავში და ხალხის გამარჯვებაში. ახლა ივანიშვილის მთავარი ამოცანაა სწორედ რიგგარეშე არჩევნებიდან სხვა თემებზე ყურადღების გადატანა. მთლიანად ვიზიარებ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას.
ყველას გვჭირდება დიალოგი და მოსმენა, ურთიერთშეთანხმება. ევროპარლამენტში უნდათ, რაც შეიძლება სწრაფად იხილონ ახალი ქართული პატრიოტული პარლამენტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა. ვინაიდან არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა – ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო. გვახსოვდეს ყველას, რომ ოლიგარქმა აირჩია წაგებული ბანაკი რუსეთის სახით და ესეც ამყარებს ხალხის პოზიციებს, აჩქარებს მის გამარჯვებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან, ეინულ ფატულაევთან ინტერვიუში განაცხადა: ვისურვებდი, ყოფილიყოს ვადამდელი არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა. უნდა მოხდეს ხელისუფლების ახალი ლეგიტიმიზაცია არჩევნების გზით ან იქნება მუდმივი დაძაბულობა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც ოპოზიციას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოსვლის შესაძლებლობას, როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
0
0