
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ - 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ღონისძიებაში, რომელიც უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, მონაწილეობდნენ თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი სოფო უგრეხელიძე, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ კურსების მსმენელები, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსების“ მენეჯერი, რექტორის მრჩეველი რატი გურგენიძე და მოწვეული სტუმრები.
ვიცე-რექტორის განცხადებით, მოკლევადიანი და ინტენსიური პროფესიული კურსების როლი უმნიშვნელოვანესია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების სწრაფად დასაკმაყოფილებლად და კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მოკლევადიანი ინტენსიური კურსები უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სასურველი პროფესიისთვის აუცილებელი უნარები შეიძინონ და დასაქმების ბაზარზე თავიანთი ადგილი სწრაფად მოიძიონ. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, განსაკუთრებით დასაფასებელია წლების მანძილზე თბილისის მერიის ძალისხმევა, რაც პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით განხორციელებას გულისხმობს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ მეშვეობით, მსმენელებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაეუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, სპეციფიკურ და ხშირ შემთხვევაში იშვიათ პროფესიებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და აკადემიური რესურსით, ამ საშვილიშვილო საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი მოხსენებით პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ მენეჯერი რატი გურგენიძე წარდგა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უშუალო ჩართულობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა და მასში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 75 მოქალაქემ მიიღო.
რატი გურგენიძის განცხადებით, მოკლევადიან კურსზე - ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი) მოსამზადებელი პროფესიული კურსი 15-მა მსმენელმა გაიარა, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსის მოსამზადებელი პროფესიული კურსი კი - 25-მა, შენობების ენერგოუზრუნველყოფის დაგეგმვა და მართვა განახლებადი რესურსების გამოყენებით (ენერგოაუდიტი) – 15-მა, ელექტროავტომობილების დასამუხტი მოწყობილობების სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი (მემონტაჟე და სისტემური უზრუნველყოფა) – 20-მა მსმენელმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დაიგეგმა და განხორციელდება პროექტის შემდგომი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ახალ ინტენსიურ პროფესიულ მოკლევადიან კურსებს, რომლებშიც ჯამურად 105 მოქალაქე ჩაერთვება. კერძოდ: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი სრული აკრედიტირებული კურსი - 40 მსმენელი (1 ჯგუფი); სამშენებლო საქმის მწარმოებლის მოსამზადებელი კურსი - 20 მსმენელი (1 ჯგუფი); სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემონტაჟის მოსამზადებელი კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი); ლიფტების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი); ავტომობილის ელექტროსისტემების შემსწავლელი კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი).
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა და დეკანებმა პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსების მსმენელებს, რომლებმაც ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსები წარმატებით დაძლიეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
ცნობისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელ მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა და მათი მომზადება ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში.
0
0