11/07/2023
14:03
საზოგადოება
წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი ახალგაზრდა კალათბურთელი, დათუნა ჟღენტია.
„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით!“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
წყნეთში, მოზარდის სიცოცხლე, სავარაუდოდ თვითნებურად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა. სადენი, სავარაუდოდ, მოქალაქეებმა კუსტარულად, გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მცხოვრები სალომე კაპანაძე აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარე სკვერის სამშენებლო სამუშაოებს ტრაგედიასთან კავშირი არ აქვს და ახალგაზრდა სადენებს თვითონ შეეხო.
„პარკის მშენებლობა არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაც მოხდა. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ერთი თვით ადრეც, იმიტომ, რომ სადენების გამტარუნარიანობა, ხშირი წვიმის დროს, შესუსტებული იყო. როგორც თვით მხილველები ამბობენ, ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს და ასეთი ტრაგედია დატრიალდა“, - განაცხადა სალომე კაპანაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
0
0