21/07/2023
18:30
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებმა ბუნებაში არწივი "ესმერალდა" გაუშვეს. ,,ესმერალდა" ზოოპარკში დაბადებული პირველი მთის არწივია, რომელიც ველურ ბუნებაში გააგრძელებს ცხოვრებას.
,,დღეს ესმერალდას დღეა. ,,ესმერალდას" დაახლოებით ისეთი ამბავი გადახდა თავს, ზღაპრებში რომ ხდება. მის მშობლებს, ზოოპარკის ბინადარ ასაკოვან მთის არწივებს შვილები დიდი ხნის განმავლობაში არ ეჩეკებოდათ. რა არ სცადეს ჩვენმა მომვლელებმა: ხან ისე აუშენეს ბუდე, ხან - ასე, ხან ისეთ ფიჩხს იყენებდნენ, ხან - ასეთს, „სარეცელში“ ცხვრის ტყავს უგებდნენ, სხვადასხვაგვარ საკვებს სთავაზობდნენ. ბოლოს, ვერ გეტყვით, რაიმე ჯადოსნური ოქროს ვაშლი შესთავაზეს, თუ მონდომებამ გაჭრა და მესამე ბუდობაზე ორი მართვე გამოიჩეკა. ორიდან ერთი გადარჩა და ისეთი მზეთუნახავი დადგა, მზეს ეუბნებოდა, შენ ჩადი და მე ამოვალო. ჰოდა, ავიდა. ოღონდ ეს დღეს.
მანამდე კი: გამოჩეკიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ესმერალდა ახალ ზოოპარკში, დიდ ვოლიერში გადავიყვანეთ, სადაც მომვლელებმა მისი ველურ ბუნებაში გასაშვებად მომზადება დაიწყეს: ავარჯიშებდნენ ფრენაში, ასწავლიდნენ ნადირობას და საკვების დამოუკიდებლად მოპოვებას, ადამიანებისგან განრიდებას. როგორ მიხვდნენ, რომ უკვე მზად იყო? კუნთოვანი სისტემა კარგად განუვითარდა და აქტიურად დაფრინავდა, ნადავლს ადვილად მოიპოვებდა, თავს იცავდა, ადამიანებს უფრთხოდა და დისტანციას ინარჩუნებდა.
მის ბუნებაში გასაშვებად ალგეთის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია შევარჩიეთ. აქ მთის არწივების სხვა ტერიტორიული წყვილი არ ბუდობს და კონფლიქტის ალბათობა დაბალია, ბევრი საკვებია და არც დასახლებაა ახლომახლო. ესმერალდა „ჯიპიეს“ გადამცემითაა აღჭურვილი, შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ მის გადაადგილებას და დახმარებაც აღმოვუჩინოთ, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება.
,,ესმერალდას" გაშვების დღე ჩვენთვისაც ისტორიულია, რადგან დიდი შრომის შემდეგ დღეს პირველად შევძელით მთის არწივის რეინტროდუქცია. აქამდე მხოლოდ რეაბილიტირებულ ფრინველებს ვაბრუნებდით ბუნებაში, ესმერალდა კი ზოოპარკში დაბადებული პირველი მთის არწივია, რომელიც ველურ ბუნებაში გააგრძელებს ცხოვრებას.
გაშვების მომენტში ისეთი ნისლი ჩამოწვა, „მზეთ-უნახავს" რომ შეეფერებოდა. ყოჩაღად გაშალა ფრთები ესმერალდამ და ნისლს შეერია. გაფრინდა თუ არა, რამდენიმე წუთში გამოიდარა. ალბათ, ზუსტად მაშინ იყო, მზეს რომ აყივლა - ჰა, ამოვედი და აწი შეგიძლია ჩახვიდეო", - წერს თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში.
0
0