20/11/2024
17:04
პოლიტიკა
"მე ვფიქრობ, ისინი [ოპოზიცია] შემოვლენ პარლამენტში და როგორც ადრე, თავის თავს პუფებს ეძახდნენ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ახლაც მათი პუფობა იქნება კიდევ ერთხელ დადასტურებული", - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
გიორგი ვოლსკის თქმით, ახლა ოპოზიცია ორიენტირებული საქართველოში ჩამოსულ პირებზე - 8 დეპუტატსა და საგარეო საქმეთა მინისტრებზე.
"ახლა ოპოზიცია ძალიან ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, ვინც ჩამოვიდა საქართველოში, მათ მიუძღვით უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხის მიმართ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩამოვიდნენ. ხან 8 დეპუტატი იყო სხვადასხვა პარლამენტებიდან, იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მოუწოდებდნენ ჩვენს ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, რომ ძალისმიერი მეთოდით აქ შეეცვალათ ხელისუფლება და თუკი წინააღმდეგობა იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან, ეს საუკეთესო შედეგს მოიტანდა იმ შემთხვევაში თუკი სისხლი დაიღვრებოდა, ანუ მეიდანის პროექტი განხორციელდებოდა საქართველოში. მათზე წამხედურობით და ზოგიერთი ევროპარლამენტარის არის ეს გააფთრებული შეტევა, რაც ხორციელდება საქართველოს მიმართ და არა ხელისუფლების, არის წამახალისებელი ამ პოლიტიკური სუბიექტების მავნებლური ქმედებებისა. ბევრი ეპითეტი შემიძლია ვიხმარო, მაგრამ მთავარი იქნება ალბათ თუ ვიტყვი, რომ ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ.
ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას - ამაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად დაკარგულები არიან თავის პოლიტიკურ სპექტრში ძირითადად და არიან სკანდალური ისტორიის მქონე, მაგალითად ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ან მიხეილ როთი, რომელიც არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის ბუნდესტაგში, თუმცა ახლა შეიცვლება არჩევნების შემდეგ და ის ავანტიურისტი პავილიონისი, რომელიც მოუწოდებს ხალხს, რომ აიღონ ხელში იარაღი და დაუპირისპირდნენ, აქ მოაწყონ სასაკლაო.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ - ეს წახალისება დამთავრდება მალე, ადრე თუ გვიან, ეს ვთქვით კიდევაც, განვაცხადეთ არაერთხელ, მით უმეტეს, იცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი და მე მგონი, მთავარი თემა არის პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა მიმართ და იქნებ ეს რაოდენობა მაინც თავისი ამომრჩევლისა შეინარჩუნონ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ისინი შემოვლენ პარლამენტში და როგორც ადრე თავის თავს პუფებს ეძახდნენ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ახლაც მათი პუფობა იქნება კიდევ ერთხელ დადასტურებული," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
0
0