13/11/2024
23:07
პოლიტიკა
ეს მარგინალური ძალები დიდი ხანია უკვე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კი აღარ არიან, არიან ოპოზიციის მოკავშირეები და მეტიც - უფრო რადიკალურები არიან, ვიდრე ჩვენი ოპოზიცია, - ამის შესახებ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა კახი კახიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” ევროპარლამენტარებზე განაცხადა.
კახიშვილის თქმით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც ზუსტად ისე „ლანძღავენ დასავლელი ლიდერები“, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ახლა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს „ერთი მეორეს მიყოლებით შლიან“.
“საერთაშორისო ზეწოლას ნუ დაარქმევთ იმას, რასაც აკეთებენ უკვე ჩემთვის კონკრეტულად, მარგინალური ძალები, რომლებიც დიდი ხანია უკვე, საერთაშორისო პარტნიორები კი აღარ არიან, არიან ოპოზიციის მოკავშირეები და მეტიც - უფრო რადიკალურები არიან, ვიდრე ჩვენი ოპოზიცია. ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს და ვიღაც ვიღაცებს.
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა ახლა აშშ-ში და პრეზიდენტის თანამდებობაზე მოვიდა ადამიანი, რომლის მიმართაც ზუსტად, როგორც ჩვენს მიმართ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ იშურებდნენ ყველა ცუდ სიტყვას. ახლა ერთმანეთს ასწრებენ ძველი პოსტების წაშლას, რომ რამენაირად ტრამპს არ გაახსენდეს, როგორ ლანძღავდნენ. ამიტომ, საერთაშორისო პოლიტიკა შეიცვლება. საქართველოში მიმდინარე მოვლენები ტრამპისთვის თავსატეხი არაა, თუმცა, ის იდეოლოგიურად სულ სხვა რამეზე ფიქრობს. ის ფიქრობს ღირსებაზე, ოჯახზე, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე - დაახლოებით იმ ყველაფერზე, რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებენ”, - აღნიშნა კახიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ევროპას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება, თუ “ქართული ოცნება” ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს გააუქმებს.
“პაველ ჰერჩინსკი, როგორც ევროკავშირის მთელი ინსტიტუცია, მიკერძოებული იყო საქართველოს მიმართ. ეს არც დამალა გაფართოების დარგში კომისარმა და თქვა, რომ ეს ორი კანონი არ უნდა მიგეღოთო. ხვალ რომ გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, პირობას გაძლევთ, რომ ევროკავშირში არჩევნებზე ხმას არ ამოიღებენ. მათი ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ იქნებ “ქართული ოცნება” დამარცხდეს, იქნებ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს, რომ ეს ორი კანონი გააუქმებინონ მერე და გაატარებინონ ის პოლიტიკა, რომლის ავანგარდშიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპაა.
დიდი შეცდომა იქნება, განსაკუთრებით, თუ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გადახედვას დათანხმდება რომელიმე ხელისუფლება, არ ვსაუბრობ “ქართულ ოცნებაზე”. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოვა საქართველოში და გადახედავს ამ კანონს და გააუქმებს, შეეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებსა და მომავალს”, - განაცხადა კახიშვილმა.
ამასთან, კახიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე, რომელიც „სმარტმატიკს” უკავშირდება, მისი თქმით, მან სასამართლოში უნდა შეიტანოს სარჩელი.
„მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე არაფერს ამბობენ და ჩვენს არჩევნებზე საუბრობენ, მათ შორის, იმ არჩევნებზე, რომლის ძირითადი მომთხოვნები თავად იყვნენ, რომ “სმარტმატიკის” აპარატით უნდა ჩატარდეს. მე ვფიქრობ, რომ “სმარტმატიკმა” უნდა ამოიღოს ხმა და სასამართლოში უნდა შეიტანოს სარჩელი მისი რეპუტაციისა და ღირსების შელახვის გამო იმიტომ, რომ როდესაც შენ აცხადებ, რომ „ეს მანქანა არის ის მანქანა“, რომელმაც ვერ უზრუნველყო ხმების ფარულობა”, - აღნიშნა კახიშვილმა.
ipn.ge
0
0