
ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი, საელჩოს აქვს რამდენიმე ცხელი ხაზი გახსნილი, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საელჩო მაქსიმალურად ეხმარება ყველას, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს, ავიაკომპანიებთან კომუნიკაციაში.
„როდესაც სპეცრეისებზე ვსაუბრობთ, სპეცრეისების საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის ფრენები არ არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს 4-5 ფრენა, რომელსაც ასრულებს სხვადასხვა კომპანია. მინდა, აღვნიშნო, რომ დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანმა ისარგებლა ამ ფრენებით, რომლებიც ისრაელიდან ჩამობრძანდნენ საქართველოში. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენ საელჩოს აქვს რამდენიმე ცხელი ხაზი გახსნილი, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან, არიან ჯგუფები, ბავშვები, რომლებიც სამკურნალოდ იყვნენ ჩასული, მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რათა დროულად მოხდეს მათი სხვა ლოკაციაზე გადაყვანა ან საქართველოში დაბრუნება. ამის კარგი პრეცედენტები უკვე გვაქვს. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებას, ვართ მათთან კომუნიკაციაში.
მინდა ვთქვა, რომ ფრენებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, მესმის შეიძლება, ერთდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ერთ კონკრეტულ ფრენაზე ბილეთის შეძენის შესაძლებლობა, მაგრამ არის ფრენები და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოქალაქეებსა და ავიაკომპანიებს შორის ბარიერები არ იყოს და მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეიძინონ ბილეთები.
ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას საჭიროების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ მოქალაქეებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში არიან გამოუვალ მდგომარეობაში. ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, შეძლებს და დაბრუნდება საკუთარ სამშობლოში. ძირითადად რაც შემოდის ჩვენი მოქალაქეებიდან კონკრეტულ დღეს სურთ ბილეთის შეძენა, ჩვენ ვეხმარებით მათ კომუნკაციაში ავიაკომპანიებთან და ახლო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, ამას გავაგრძელებთ და ვეცდებით, თითოეულ მოქალაქეს შევუწყოთ ხელი, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
0
0