11/06/2023
19:50
პოლიტიკა
ვერსად ნახავთ ჩემს განცხადებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ, პრობლემაა, როდესაც რუსეთთან აღრმავებ ურთიერთობას, ჩართული გაქვს ანტიდასავლური პროპაგანდა და დასავლეთს შორდები, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან მიმართებით პრობლემა ეკონომიკა არ არის.
„არაფერი საწინააღმდეგო არ მითქვამს. რუსეთთან მიმართებით პრობლემა ეკონომიკა არ არის, არაერთხელ მითქვამს. მათ შორის ფრენები იქნებოდა, თუ რუსების შემოსვლა, ჩემი პოზიცია სულ ეგ იყო. პრობლემაა, რომ ევროკავშირი, რომლისკენაც მივდივართ, გვეუბნება, რომ ჩვენი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა იყოს მათთან თანხვედრაში. გვეუბნებიან, რომ მათ ფრენები აკრძალული აქვთ, დასანქცირებულია ავიაციის სექტორი და ჩვენც უნდა ვიყოთ ამის ნაწილი. ამას ვეთანხმები და არა იმას, რომ ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობები არ ასწორებს.
მეორე პრობლემა არის ის, რომ როდესაც რუსეთთან აღრმავებ ეკონომიკურ ურთიერთობას და ამ დროს, ჩართული გაქვს ანტიდასავლური პროპაგანდა და დასავლეთს შორდები, ეგ არის პრობლემა. თქვენ ვერსად ნახავთ ჩემს ნათქვამს, რომ მე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ. მე ეგ არასდროს მითქვამს. შეიძლება, სხვა ოპოზიციურ პარტიებში გეშლებით, რადგან სხვა ოპოზიციური პარტიები გამოდიან ეგეთი განცხადებებით. ეკონომიკური ურთიერთობა ჯამში კარგია და სწორია, მხოლოდ ერთი – ჩვენ არ უნდა ვაღრმავებდეთ ეკონომიკურ ურთიერთობას რუსეთთან და არ უნდა ვშორდებოდეთ ევროპას, პირიქით, ევროპისკენ უფრო უნდა ვაღრმავებდეთ და მეორე, ჩვენ უნდა ვიყოთ თანხვედრაში ევროკავშირთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის ეს კავშირი არის ევროკავშირის სტატუსის მიღება-არ მიღებასთანაც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
0
0