გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ევროპაში ეკლესიებზე ტერორისტული თავდასხმების მოწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტები ვერ შეზღუდავენ და ვერ შეცვლიან ევროპელების ცხოვრების წესს. ამის შესახებ მინისტრმა DPA-თან ისაუბრა.
მინისტრის თქმით, რეაქცია კიოლნის საკათედრო ტაძარზე რადიკალი ისლამისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ იმაზე მეტყველებს თუ როგორ სერიოზულად მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები.
„ყველას გვიყვარს ჩვენი საშობაო ტრადიციები და არ მივცემთ უფლებას, შეგვაშინონ და შეგვიზღუდონ ცხოვრების წესი. ამავე დროს, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ისლამისტურ ტერორისტულ საფრთხეს და უკიდურესად ფხიზლად ვართ“, - აცხადებს მინისტრი.
გერმანიაში, მედიის ცნობით, ერთი ეჭვმიტანილიც დააკავეს, თუმცა ეს ოფიციალურად არ არ დადასტურებულა.
საფრთხის გამო პოლიციამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები კიოლნის საკათედრო ტაძარში.
ამასთან, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ავსტრიასა და გერმანიაში.
მანამდე კი, გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.
0
0