27/03/2023
13:06
პოლიტიკა
ექიმების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მათ მითითებებს ისევ არ ემორჩილება, არ ჭამს და თვითდაზიანების რეჟიმშია. განცხადება"კურიერთან" ენდოკრინოლოგმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი იმ კალორიების მეოთხედს იღებს, რაც მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი.
განსხვავებულია ექსპრეზიდენტის დედის პოზიცია. გიული ალასანია ისევ ირწმუნება, რომ მის შვილს საკვების მიღება არ შეუძლია.
"ვერ მიიღებს საკმარის კალორიებს. იმიტომ, რომ ადამიანი არის მოწამლული, მე ათასჯერ ვთქვი უკვე და ეს ცნობილია. ყველაფერი შეუძლიათ თქვა, შეუძლიათ თქვან, რომ მკვლელი იყო, ვიღაცები მოკლა, რასაც ყოველ წუთში ამბობენ და მე რა, დავიჯერო ახლა ეს ყველაფერი?!" - აცხადებს გიული ალასანია.
ამასთან, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს უფლებადამცველიც. როგორც შოთა თუთბერიძე განმარტავს, ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე სხვადასხვა მიზეზების გამო.
"სახელმწიფოს აკისრია სრული პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეზე და ამ პასუხისმგებლობის ჩამორეცხვა, ბუნებრივია განცხადებით არ შეიძლება.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩატარებულია არაერთი სამედიცინო ექსპერტიზა, მათ შორის ჩატარებული არის ექსპერტიზა, რომელიც დაუკვეთა პენიტენციურმა სამსახურმა, არც ერთ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ სააკაშვილის თვითდაზიანებისკენ არის მიდრეკილი. ყველა მათგანში, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში არის მითითებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, სხვადასხვა მიზეზების გამო,"-აცხადებს შოთა თუთბერიძე.
0
0