10/01/2025
22:05
მსოფლიო
ვენესუელელი აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და არჩეული პრეზიდენტი ედმუნდო გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ ხალხის ნებას, თავისუფლებისთვის მებრძოლები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social-ში ტრამპმა მადუროს ოპოზიციის ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
„ვენესუელელი აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და არჩეული პრეზიდენტი ედმუნდო გონსალესი მშვიდობიანად გამოხატავენ ვენესუელელი ხალხის ხმასა და ნებას, ასობით ათასი ადამიანი გამოდის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს თავისუფლებისთვის მებრძოლები არ უნდა დაზიანდნენ და უნდა იყონ უსაფრთხოდ“, – წერს ტრამპი.
მარია კორინა მაჩადო მას შემდეგ დააკავეს, რაც უსაფრთხოების ძალებმა მისი კორტეჟი კარაკასში, ანტისამთავრობო მიტინგის შემდეგ გააჩერეს. მოწმეების თქმით, გაისმა სროლის ხმა და აქტივისტი ძალით წაიყვანეს. მაჩადოს გუნდმა განაცხადა, რომ დაკავების დროს მას რამდენიმე ვიდეოს ჩაწერა აიძულეს, რამდენიმე საათში კი გაათავისუფლეს. ამ ინციდენტმა ფართო კრიტიკა გამოიწვია როგორც ლათინურ ამერიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ვენესუელის არჩეულმა პრეზიდენტმა, ედმუნდო გონსალესმა, რომლის არჩევნებში გამარჯვებაც მადუროს რეჟიმმა უარყო, მაჩადოს დაკავება დაგმო.
„ეს ძალიან სერიოზულია. ის ფაქტი, რომ მარია კორინა თავისუფალია, არ ამცირებს მომხდარის მნიშვნელობას. ის მოიტაცეს“, – წერს გონსალესი.
მანამდე მაჩადომ სოციალურ მედიაში შემდეგი განცხადება გაავრცელა: „დღეს მამაცმა ხალხმა აჩვენა, როგორ უნდა დავძლიოთ შიში! არასდროს ვყოფილვარ ასეთი ამაყი იმით, რომ ვენესუელელი ვარ. მადლობა, მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ქუჩაში გამოვიდა 28 ივლისის ჩვენი გამარჯვების მოსათხოვნად და მის მოსაპოვებლად“.
ცნობისთვის, ვენესუელის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ნიკოლას მადურო ივლისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა საარჩევნო ორგანოს ხმის მიცემის დეტალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად კი, არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
0
0