როგორ შეუძლიათ პარტიებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა - ცენტრალური საარჩევნო კომისია სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცესკო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ.
არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. პარტიებმა, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57 დღისა. ცესკოს ინსტრუქციის გამოქვეყნების პარალელურად პარტიები საარჩევნო გეგმებზე საუბრობენ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გამარჯვების კოალიციის მთავარი გზავნილი "მშვიდობა ევროპასთან ერთად" იქნება, რითაც ისინი გამარჯვებას მიაღწევენ.
"ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. არა თუ 5%-იან ნიშნულს, არამედ 40%-იან ნიშნულს გადალახავს გამარჯვების კოალიცია, ამაში გარწმუნებთ. ძალიან კარგად ავუხსნით საქართველოს მოქალაქეებს, რომ გამარჯვება არის ჩვენ ხელში. "მშვიდობა ევროპასთან ერთად" - ეს იქნება ჩვენი მთავარი გზავნილი და ამით მოვივლით ყველა ქალაქს, ყველა სოფელს და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
0
0