საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთში ვიზიტი დაასრულა. შალვა პაპუაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებს მთავარი გზავნილი გააცნო - გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად. ასევე, დელეგაციას ჰქონდა პირისპირ შეხვედრებიც. საქართველოს პარლამენტის სპიკერი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ასევე იტალიელ კოლეგას და ლუქსემბურგის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს, რა დროსაც ისაუბრეს ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებაზე.
"გვქონდა საუბარი კოლეგებთან, მათ შორის მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან, და თქვენ იცით, რომ მოლდოვა უკრაინასთან დაკავშირებით, უკვე 1 წელზე მეტია, რაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნის თაობაზე, თუმცა მოლაპარაკება დღემდე გახსნილი არ არის და მქონდა ამაზე საუბარი - რა ეტაპზე არიან, როგორ უყურებენ ამ პროცესს.
გვაქვს მოლოდინები, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდება ევროპული ღირებულებების იმ ნაწილს, რომელიც გულისხმობს დამსახურების მიხედვით მიდგომა ქვეყნების მიმართ და თუ შევხედავთ დამსახურებებს - საქართველო ამ მხრივ ლიდერი არის ბევრ კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით და საჭიროა ამ ლიდერობის სათანადო დაფასება“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
0
0