04/08/2023
09:31
საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა - ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, 50-ზე მეტ ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
"კონტაქტი არ არის, [ვეძებ] შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი...ცოცხლები არინა, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია კიდევ 80-ზე მეტი ადამიანი.
ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა დილიდან განახლდა.
გვიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0