
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის ყველა დიპლომატიურ მისიას უსაფრთხოების შეფასების დაუყოვნებლივ ჩატარება დაავალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
საელჩოებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომელიც „ვაშინგტონ პოსტმა“ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ამერიკის ყველა საელჩომ საგანგებო კომიტეტები უნდა მოიწვიოს საფრთხეების იდენტიფიცირებისა და მათი შესაძლო წარმოქმნის შემთხვევაში ზომების დასაგეგმად, ასევე, მათი „უსაფრთხოების მდგომარეობისთვის“ გადასახედად.
დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ნათქვამია, რომ ბრძანება მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეისონ ევანსმა მიიღო.
ცნობისთვის, 17 მარტს თავდასხმები ხორციელდებოდა ერაყის „მწვანე ზონაზე“. სამიზნე ასევე გახდა აშშ-ის საელჩო, რომელიც „მწვანე ზონაში“ მდებარეობს. მოხერხდა ორი დრონის ჩამოგდება, თუმცა მესამე დრონი საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქდა. ერაყის დედაქალაქ ბაღდადის „მწვანე ზონაში“, აშშ-ის საელჩოს გარდა, განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიებიც, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები. ასევე, ამ ზონაში ცხოვრობენ მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები.
0
0