გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„ახლა რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, იცით, რომ ყველაფერი განვმარტე, ახალს ვერაფერს გეტყვით და არ გეტყვით, იმიტომ, რომ არაფერი არ არსებობს. ძალიან მარტივად გეტყვით ახლა, ჩვენს გუნდში არის დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა და ეს არის აბსოლუტურად შიდა დემოკრატია ჩვენს გუნდში. ყველაზე მეტ ხანს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრებიდან, შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოღვაწეობას, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი. 2011 წლიდან გუნდში დამკვიდრებული დემოკრატიული პროცესის გათვალისწინებით, იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ „ქართულ ოცნებაში“, აუცილებელია, რომ გუნდის სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, რომ მათაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. თავიდანვე გეგმაც ასეთი იყო. მე საზოგადოებას განვუმარტე, რომ ორი არჩევანი არსებობდა. მე ვფიქრობდი. გუნდმა შემომთავაზა, რომ დავრჩენილიყავი ზაფხულამდე. მე პირველი არჩევანი ვარჩიე, ანუ ახლავე გადადგომა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, საჭირო არის, უფრო მეტი დრო დავუთმო პარტიას, ხოლო ირაკლი კობახიძემ მთავრობას და მთავრობის მუშაობას. აი, ეს არის, სხვა ახალს მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კითხვაზე დაუსვა დაეკითხა თუ არა ბიძინა ივანიშვილს გადადგომის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამართა კონსულტაცია პოლიტსაბჭოსთან.
„კიდევ ვიმეორებ, რომ მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, ახლა ახალს ვერ გეტყვით და არ გეტყვით. მე გითხარით, რომ მქონდა კონსულტაციები პოლიტსაბჭოსთან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა
წარმატებული წლების შესახებ მისი განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამაყობს წარმატებული წლებით.
„კი და ვამაყობ ჩემი წარმატებული წლებით. ახლა პარტიას უნდა მოვახმარო ჩემი გამოცდილება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0