
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე მიწვეულია.
რუბიოს თქმით, იმედი აქვს, პუტინი მიწვევას მიიღებს.
მისივე განმარტებით, სამიტზე დასწრება რუსეთის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენ პრეზიდენტი პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მოვიწვიეთ. ვფიქრობთ, ეს მისთვის იქნება შესაძლებლობა, არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ სხვა მსოფლიო ლიდერებთანაც ჰქონდეს ურთიერთობა. იმედი გვაქვს, ის ამ მიწვევას მიიღებს. ეს თუ მოხდება, დეკემბერში მათ შეხვედრის შესაძლებლობაც ექნებათ. მათ შეხვედრის კიდევ ერთი შესაძლებლობა თუ მიეცემათ და ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება, ეს კარგი იქნება. მათ უკვე არაერთხელ ისაუბრეს ტელეფონით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი თანამდებობაზე დაბრუნდა, ვფიქრობ, სულ მცირე, ათჯერ მაინც ჰქონდათ სატელეფონო საუბარი. ასე რომ, ჩვენ კვლავ ღია ვიქნებით ურთიერთობისთვის. ცხადია, იდეალური ვარიანტი იქნებოდა შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი და შეთანხმებული მიზანი ექნებოდა. ამისთვის კი წინასწარ ბევრი სამუშაოა საჭირო. თუმცა, პრეზიდენტი პუტინი დეკემბერში სამიტს თუ დაესწრება, ეს მათთვის ნამდვილად იქნება შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
ცნობისთვის, 12 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, თუ რუსეთის პრეზიდენტს მიწვევა ექნება.
0
0