
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. კონკრეტულ შემთხვევაში მისი შემოღება ხდება იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც აქვს სახელმწიფოს და მიზნად ისახავს განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების განხორციელებას, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ სტრუქტურის შექმნა უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციას და მათ ურთიერთობას ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგში.
„ეს გულისხმობს ურთიერთობას პროკურატურასთან, სასამართლო ხელისუფლებასთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. შემოღებული იქნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. მთავრობის ადმინისტრაციას საკმარისი ადამიანური რესურსი აქვს, რათა აპარატის სახით დამატებითი სტრუქტურა არ იყოს შექმნილი. მთავრობის ადმინისტრაცია მისი ადმინისტრაციული რესურსითა და პერსონალით სრულ მომსახურებას გაუწევს სახელმწიფო მინისტრს“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
საკანონმდებლო ინიციატივა უკავშირდება საკადრო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მამუკა მდინარაძემ ვიცე-პრემიერისა და ასევე ახალი სამინისტროს-სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უნდა დაიკავოს.
0
0