
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას ეხმაურებიან იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი დიალოგის ფორმატში გაგრძელდეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილების თქმით, მათი მიზანიც დიალოგია, თუმცა, პირადად მათთვის ეს შეთავაზება არავის გაუკეთებია მთავრობიდან.
„ჩვენ ტელევიზიით ვიგებთ ქალბატონი თამარის მზაობას და მოწოდებას ჩვენი მისამართით, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავიდეს დიალოგის რეჟიმში და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პირადად ჩვენთვის მას არ უთქვამს ეს სიტყვები. ასე რომ, მოვუწოდებთ ქალბატონ თამარს - მობრძანდით და პირადად აასრულეთ თქვენი სიტყვები, რომ აუცილებელია ეს პრობლემა მოგვარდეს და აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უბრალოდ არის ხალხის მოსატყუებლად გაკეთებული განცხადება, რადგან ჩვენამდე არ მოდის თქვენი მზაობა. ჩვენ არ გვეუბნებით, რომ მზად ხართ. ასე რომ, მობრძანდით, ჩვენ თქვენს კართან ვართ და თქვენ კარს არ გვიღებთ და ტელევიზიიდან ვიგებთ, რომ თურმე, აუცილებლად უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში. მზად ვართ, ჩვენი მიზანი არ არის აქ ჯდომა და ბავშვებისთვის ყურადღების მოკლება. ჩვენი მიზანი არის, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, რომ მედიკამენტი გონივრულ ვადებში შემოვიტანოთ. დედები გელოდებით, ველოდებით თქვენთან კომუნიკაციას“, - აცხადებენ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები.
მათი თქმით, მთავარია, 2023 წლის ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული მედიკამენტის შემოტანა.
შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მე-15 დღეა, ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. მათი განცხადებით, წამალი ვოსორიტიდი, რომლის ერთწლიანი დოზა დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება, საქართველოში სულ 16 ბავშვს სჭირდება. წელიწად-ნახევარია, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას მოითხოვენ.
0
0