
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან, საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ცალკეულ ინციდენტზე.
„უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონით დადგენილ ფარგლებში და ხელი შეუწყონ წინასაარჩევნო პერიოდის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში წარმართვას. საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, შესაძლო შემთხვევებზე დროული რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კომისიას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან სხვადასxვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მუშაობას. კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; ასევე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11. უწყებათაშორისი კომისია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს და სხდომებს კვირაში ერთხელ გამართავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0