
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროებით ამოქმედების შესახებ განაცხადა.
„გუშინ ურუგვაი და არგენტინა გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს. ბრაზილია და პარაგვაი მალე მიჰყვებიან მათ მაგალითს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქმედებები „აჩვენებს პარტნიორების ნდობას, ერთგულებას, განავითარონ ურთიერთობები და უზრუნველყონ ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელება“.
„კომისია ახლა განაგრძობს „მერკოსურთან“ შეთანხმების დროებით გამოყენებას“, – განმარტა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება „სრულად მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ევროპარლამენტი დაადასტურებს“.
ურსულა ფონ დერ ლაინის განმარტებით, ეს შეთანხმება 720 მილიონი ადამიანისთვის სავაჭრო ბაზარს ქმნის, მილიარდობით დოლარის ტარიფებს აუქმებს და მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ ბაზრებზე წვდომას აძლევს.
ცნობისთვის, 21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა ვროკავშირსა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება შეაჩერა.
„მერკოსურის“ შეთანხმება ევროპელმა ფერმერებმა არაერთხელ გააპროტესტეს.
0
0