
უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერის შესახებ.
ბუდაპეშტის ვეტოს გამო, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარი სახელით განცხადება გაავრცელა:
"ევროკავშირი ICC-ის გადაწყვეტილებას მიიჩნევს რუსეთის ლიდრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესის დასაწყისად იმ დანაშულებისა და სისასტიკისთვის, რომელთა ჩადენის ბრძანებასაც უკრაინაში გასცემენ", – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
გარდა ამისა, 20 მარტს, ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა გაავრცელეს განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC ) გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, რომელსაც უნგრეთმა ისევ არ მოაწერა ხელი.
მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი 23-24 მარტს გამართული ევროსაბჭოს სხდომის დასკვნებშიც დაფიქსირდეს. Bloomberg-ის მიერ ციტირებულ დასკვნის პროექტში მოცემულია ბორელის განცხადების მსგავსი ფორმულირება.
Bloomberg-ის წყაროების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა შესაძლოა დაჟინებით მოითხოვოს უფრო მძიმე ფორმულირება.
17 მარტს, უკრაინელი ბავშვების „არაკანონიერი დეპორტაციის“ გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ასევე, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
0
0