უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას NATO-ს ფარგლებში უკრაინის სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაში, თუმცა არ დაბლოკავს მოკავშირეთა აღნიშნულ ძალისხმევას, – ამის შესახებ ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადეს.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის ელოდება, რომ ვაშინგტონში ივლისში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატო-ს წამყვან როლზე უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების უზრუნველყოფასა და კოორდინაციაში, ასევე გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერაზე. სტოლტენბერგის განცხადებით, ორბანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთი ნატო-ს ამ ძალისხმევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია უკრაინაში, NATO-ს სამიტზე მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატო-ს წამყვან როლზე უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებისა და უკრაინელი სამხედროების მომზადების უზრუნველყოფასა და კოორდინაციაში. ასევე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან გრძელვადიანი ფინანსურ მხარდაჭერაზე სამხედრო დახმარების მისაწოდებლად. ეს უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას და ანგარიშვალდებულებას, რომელიც უკრაინას სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ორბანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატო-ს ამ ძალისხმევაში და მე ვიღებ მის პოზიციას. მოხარული ვარ, რომ დღეს მე და პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერაში უნგრეთის არმონაწილეობის სახეზე. ამ ქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს არც ერთი უნგრელი სამხედრო და არანაირი უნგრული ფინანსები არ იქნება გამოყენებული მათ მხარდასაჭერად. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება ამ ძალისხმევას და საშუალებას მისცემს სხვა მოკავშირეებს, წინ წაიწიონ. მან დაადასტურა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ნატო-ს წინაშე ვალდებულებების სრულად შესრულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ ორბანმა აღნიშნა, რომ სამხედრო სფეროში ნებისმიერ ოპერაციაში მონაწილეობა შეიძლება, იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი. მისი თქმით, უნგრეთმა ნატო-ს გენერალური მდივნისგან მიიღო გარანტიები, რომლებსაც ითხოვდა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, იყო რუსეთს-უკრაინის ომი. კარგად ცნობილია, რომ უნგრეთის პოზიცია განსხვავდება ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობისგან. როდესაც მივდივართ კითხვამდე, თუ როგორ შეგვიძლია მშვიდობას უმოკლეს ვადაში მივაღწიოთ, უნგრეთის პასუხი არის სხვებისგან განსხვავებული. უნგრეთი აღიარებს იმ ფაქტს, რომ NATO-ში უმრავლესობის მოსაზრება განსხვავებულია ჩვენგან. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ჩვენი შეხედულების გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ მადლობლები ვართ გენერალური მდივნის, რომ გვეძლევა საშუალება, გავაზიაროთ ჩვენი სიტუაციური ანალიზი, თუმცა უნგრეთს არ აქვს შესაძლებლობა ან ძალა, რომ შეცვალოს მოსაზრებები, რომლებიც ბევრად აჭარბებს ჩვენსას წონისა და გავლენის თვალსაზრისით. უნგრეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს, დაბლოკოს NATO-ში რამე გადაწყვეტილება,რომელიც შესაძლოა, ჩვენგან განსხვავებული იყოს. ჩვენ გვჯერა რაციონალურ სიტუაციური ანალიზის. დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ და გენერალურ მდივანს მკაფიოდ განვუცხადე, რომ სამხედრო სფეროში ნებისმიერ ოპერაციაში მონაწილეობა შეიძლება, იყოს მხოლოდ ნებაყოფლობითი. შესაბამისად უნგრეთმა მიიღო გარანტიები, რომლებსაც ის ითხოვდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტის ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ომსა და მშვიდობას შორის იყო მისაღები და უნგრელმა ამომრჩეველმა გააძლიერა მთავრობის მანდატი, არ ჩაერთოს, არ მიიღოს მონაწილეობა ომში, რომელიც ნატო-ს მოქმედების სფეროს გარეთაა“, -განაცხადა ორბანმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ უნგრეთი რჩება ნატო-ს ერთგულ წევრად და გააგრძელებს ალიანსის ფარგლებში მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას.
„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ უნგრეთსა და NATO-ს შორის ურთიერთობები. მე შევახსენე NATO-ს გენერალურ მდივანს, რომ უნგრეთი არის NATO-ს ლოიალური და ერთგული წევრი. ამჟამად NATO-ს ოპერაციებში ჩართულია 1 300 უნგრელი სამხედრო. ჩვენ NATO-ს წევრებს შორის იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის ვართ, რომლებიც ვაკმაყოფილებთ ყველა აღებულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას თავდაცვით ხარჯებთან დაკავშირებით. ჩვენი თავდაცვითი ხარჯები აღემატება მშპ-ს 2%-ს. ჩვენ ასევე ჩართულები ვართ საჰაერო პატრულირებაში სლოვაკეთთან და სლოვენიასთან, ზოგჯერ ასევე ბალტიის რეგიონში. ჩვენ ვასრულებთ NATO-ს სამოკავშირეო როლს აფრიკისა და ცენტრალური აზიის მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის. ეს არის ის წვლილი, რომელსაც უნგრეთი სთავაზობს NATO-ს, რათა ის უფრო ძლიერი გახადოს. ეს არის ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც უნგრეთი გააგრძელებს მომავალშიც“, – განაცხადა ორბანმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და მისი მთავარი ამოცანა არა ომის წარმოება, არამედ ომის თავიდან აცილებაა.
„მე მივესალმები თქვენს განცხადებას, რომ უნგრეთი დარჩება NATO-ს ლოიალურ და ერთგულ მოკავშირედ. დღეს პრემიერ-მინისტრმა და მე განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი და ზოგიერთი რთული საკითხი. ჩვენ განვიხილეთ მომავალ თვეში ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტი. ამ სამიტზე ჩვენ მივიღებთ რამდენიმე საკვანძო გადაწყვეტილებას, მათ შორის შეკავებასა და თავდაცვასთან დაკავშირებით. 2014 წლის შემდეგ NATO-მ გაიარა კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია. ჩვენ ავამოქმედეთ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე ყოვლისმომცველი თავდაცვის გეგმები მეტი ძალებით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი ინვესტიციებით. ჩვენ განვალაგეთ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ კონფლიქტის პრევენციისთვის.NATO-ს მთავარი ამოცანა არა ომის წარმოება, არამედ ომის თავიდან აცილებაა, როგორც ამას 75 წლის განმავლობაში ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ იქნას დაშვებული შეცდომა მოსკოვის ან ნებისმიერი სხვა პოტენციური მოწინააღმდეგის მიერ ჩვენს შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დაიცვათ ყველა მოკავშირე. 75 წლის განმავლობაში ნატო იყო ჩვენი წევრების უსაფრთხოების გარანტორი, უზრუნველყოფდა მშვიდობას, თავისუფლებას და კეთილდღეობას მთელს ევროპაში“, – განაცხადა ორბანმა.
0
0