
გერმანიის კანცლერმა და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) ლიდერმა, ოლაფ შოლცმა არჩევნების შედეგები თავისი პარტიის მარცხად შეაფასა. შოლცმა ბერლინში შეკრებილ მხარდაჭერებს მიმართა.
„ეს არის მომენტი, როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ“, – თქვა მოქმედმა კანცლერმა.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ წინა არჩევნებში პარტიას უკეთესი შედეგები ჰქონდა, ხოლო ამ შედეგზე ისევე, როგორც წინა არჩევნების შედეგებზე, პასუხისმგებელი თავადაა.
მან არჩევნებში გამარჯვება მიულოცა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს. მისივე თქმით, მეორე ადგილზე გასული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას არასდროს მიიღებს.
„ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები და ის ფაქტი, რომ მათ ასეთი კარგი საარჩევნო შედეგი მიიღეს, არის რაღაც, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ და მე არასდროს მივიღებ. ჩვენ უნდა მივყვეთ იმას, რაც ყოველთვის გვითქვამს, ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ ულტრამემარჯვენეებთან“, – ამბობს შოლცი და აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიები ამ დაპირებას შეინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლების თანახმად, შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) 16 პროცენტი აქვს.
0
0