08/11/2022
17:08
პოლიტიკა
“უნდა შესულიყო რას ნიშნავს? მას ამის უფლება აქვს და ვინმემ დაარღვია ეს უფლება?” - ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დასვა, თუ რატომ არ შეუშვეს პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“.
მინისტრის განმარტებით, გოშევსკა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას საქართველოს კანონმდებლობით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ ჰქონდა და შესაბამისად, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„უნდა შესულიყო რას ნიშნავს? მერე რა, რომ ჩამოვიდა? 20-ჯერ რომ ყოფილიყო ჩამოსული, თქვენ სვამთ შემდეგნაირად კითხვას „უნდა შესულიყო“, ახლა თქვენ მითხარით, მას ჰქონდა ამის უფლება და ვინმემ დაარღვია? ვინც არ უნდა იყოს რა მნიშვნელობა აქვს ამას? არ ჰქონდა ამის უფლება და შესაბამისად, მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა,“ - მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.
რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილს ამ დრომდე, 1 500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და საუბარი იმაზე, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექნება, საფუძველს მოკლებულია.
„ქალბატონი გოშევსკა არის პოლიტიკოსი, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას საქართველოს კანონმდებლობით არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება და შესაბამისად, იგი ვერ შევიდოდა.
როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის პრობლემა არც ერთ ადამიანს არ ჰქონია, ვისაც ეკუთვნოდა. მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 1 500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექნება, ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
0
0