
"უნდა იცოდე სად ჩადიხარ!" - ასე მიმართა LOUDspeakers-მა The Killers-ს.
ქართული მუსიკალური ბენდი LOUDspeakers-ი, რომელიც “ბლექ სი არენაზე” The Killers-ის შოუმდე უკრავდა, ფეისბუკზე ეხმიანება სცენაზე რუსი დრამერის აყვანის ფაქტს. ქართული ბენდის წევრების თქმით, ისინი “გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები” არიან.
"ქილერსის warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ.
უნდა იცოდე სად ჩადიხარ!
რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!" - წერს ქართული ბენდი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
როგორც ცნობილია, “ბლეკ სი არენაზე” გამართულ კოცერტზე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია".
თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.
მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა - ჯგუფი აუდიტორიას სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაემშვიდობა.
0
0