„თუ ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან კანონის აღსრულებას, მაშინ არის ფინანსური სანქციები, რომელიც გაწერილია ამ კანონის მეცხრე მუხლში“, - ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე, NGO-ების ერთი ნაწილის განცხადებას, რომ არ აპირებენ „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ დაემორჩილონ.
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რა თანხები შემოდის, ვისგან და რა მიზნით იხარჯება. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“.
„კანონში არის დეტალურად გაწერილი ყველა მექანიზმი. ორგანიზაციებს კანონის ძალაში შესვლიდან, ერთი თვის ვადა ეძლევათ იმისთვის, რომ ყველა იმ ორგანიზაციამ, იქნება არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაცია, რომელიც 20%-ს ან მეტ დაფინანსებას წლის განმავლობაში გარე წყაროებიდან იღებს, გაიაროს რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ორგანიზაცია ამისგან თავს შეიკავებს, იუსტიციის სამინისტრო საჯარო წყაროების საფუძველზე, ახორციელებს კონკრეტული ორგანიზაციების რეგისტრაციას, ამისი მექანიზმი გაწერილი არის. თუ ეს ორგანიზაციები არ ემორჩილებიან კანონის აღსრულებას, მაშინ არის ფინანსური სანქციები, რომელიც გაწერილია ამ კანონის მეცხრე მუხლში. შესაბამისად, ეს კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშგება. წელიწადში ერთხელ, გაწეული საქმიანობისა და ფინანსური ხარჯების შესახებ ინფორმაციის დეკლარირება, იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები იყოს რა თანხები შემოდის, ვისგან და რა მიზნით იხარჯება ეს თანხები. ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობს, რა თქმა უნდა მას არ უნდა ჰქონდეს პრობლემა, რომ დეკლარაცია წელიწადში ერთხელ წარადგინოს. მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც ვხედავთ, რომ გამჭვირვალეები არ არიან და ცდილობენ, რომ გამჭვირვალობა თავიდან აიცილონ, აქეთ შეტევაზე არიან“,-აღნიშნა გივი მიქანაძემ.
0
0