15/12/2022
20:32
პოლიტიკა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის წერილი:
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს,მის აღმატებულებას, ჯოზეფ ბაიდენს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ბატონ ენტონი ბლინკენს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს.
გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას,გილოცავთ დამდეგ ახალ 2023 წელს და ვუსურვებთ მოკავშირე ამერიკას უდიდეს სიძლიერეს მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის დასაცავად.
სამწუხაროდ, საქართელოში ხდება ის, რაზეც მე ათი წლის მანძილზე ამერიკის ყველა ხელისუფლებას სისტემატურად ვაფრთხილებდი. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ვექტორიდან ბრუნდება რუსულ ორბიტაზე. საქართველოს არაფორმალურმა დიქტატორმა, რუსმა ოლიგარქ – მილიარდერმა საბოლოოდ შეისყიდა სახელმწიფო და გადაიქცა პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიულ მოკავშირედ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიმღვრელ ომში. რუსმა ოლიგარქმა კრემლის დირიჟორობით საქართველოში გააჩაღა ისეთი ანტიამერიკული კამპანია, როგორიც არ ყოფილა ბოლშევიკების დროს საბჭოთა კავშირში და მაოიზმის დროს ჩინეთში. ეს ყველაფერი შეუქცევადად წამლავს მოსახლეობის ფართო ფენებს ანტიდასავლური ბაცილით და ამზადებს ისედაც მომძლავრებული პრორუსული პარტიებისათვის ელექტორალურ გამარჯვებას მომავალ არჩევნებში,მით უფრო, რომ პროდასავლური ფრთა ქვეყანაში ფაქტობრივად განადგურებულია, ქვეყანა დაემსგავსა დიდ საკონცენტრაციო ბანაკს, ოპოზიციის ლიდერები და თავისუფალი მასმედიის ხელმძღვანელები ციხეშია,ნაწილი სასამართლოში საბრალდებო სკამზე, ხოლო რუსულ რეჟიმთან ყველაზე აქტიურად მებრძოლი ჩვენი ლეიბორისტული პარტია საკანონმდებლო წესით აკრძალულია რაზედაც ამერიკული კომპეტენტური ინსტანციებიდან დღემდე არავითარი რეაგირება არ არის. ვწუხვართ მაგრამ უნდა ვაღიაროთ,რომ ქართველი ხალხის შეცდომებთან ერთად ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა არასწორმა პოლიტიკამ და ამ წლების მანძილზე რუსი ოლიგარქის პირდაპირმა მხარდაჭერამ ვაშინგტონიდან.
დღეს ქართველ ხალხს აინტერესებს რატომ არ სანქცირდება რუსი ოლიგარქ – დიქტატორი ივანიშვილი ამერიკის ხელისუფლების მიერ,მეტი რაღა უნდა გააფუჭოს,ერთი დღეც კი ამ რეჟიმის არსებობისა ნიშნავს საქართველოსთვის საუკუნეებით შეუქცევად უკან დახევას დემოკრატიისა და განვითარების გზიდან. უმორჩილესად გთხოვთ, ახალ წლამდე გაახაროთ ქართელი ხალხი რუსი ოლიგარქის ივანიშვილის დასანქცირებაზე მიღებული გადაწყვეტილებით.
უდიდესი პატივისცემით,
შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი,
ხუთგზის პარლამენტის წევრი,
საქართველოს კონსტიტუციის ავტორი.“
0
0